12 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
სიცოცხლისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა, მარადისობაში კი თავისი შემოქმედებით, გამორჩეული ხმით და მუსიკით სამუდამოდ დარჩა - მამუკა ჩარკვიანი მსმენელს დღეს სამუდამოდ გამოემშვიდობა

სიცოცხლისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა, მარადისობაში კი თავისი შემოქმედებით, გამორჩეული ხმით და მუსიკით სამუდამოდ დარჩა. ნოტები და მუსიკა მისთვის მთელი ცხოვრება იყო.

სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, ბავშვობაში, დამოუკიდებლად ისწავლა - იყო თვითნასწავლი და თვითმყოფადი მუსიკოსი, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკის ავტორი და შემსრულებელი - ისეთის, საქართველოში ყველას რომ უყვარს და დღემდე ყველა მღერის; ისეთის, თაობები რომ გაზარდა - პატრიოტული, გენიალური და ყველაზე სახალხო.

მღეროდა ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ დაწერილ ლექსებზე. ამბობდა, რომ ამ დროს მამასთან ყველაზე ახლოს იყო.

მუსიკალურ კარიერაში ჰქონდა პაუზაც, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეექმნა და მერე იყო სცენაზე ხმაურიანი დაბრუნებაც. მაყურებლის რეაქცია და უწყვეტი აპლოდისმენტები მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.

მუსიკის წერაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის შემდეგ დაიწყო. მისი ავტორობით შექმნილი არაერთი კომპოზიცია მალევე იქცა ჰიტად.

მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს ხშირად ასრულებდნენ სხვადასხვა თაობის მომღერლები.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი, კომპოზიციისთვის "მაღლა და მაღლა" (1999),

ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული, "აპრილი" და "დედის ჯერი".

2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

2023 წელს მამუკა ჩარკვიანი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა, 2000 წელს კი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მაყურებელს დღეს სამუდამოდ გამოემშვიდობა.

მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი რამდენიმე დღეში, 24 აგვისტოს, 70 წლის გახდებოდა.

დღის ამბები