"ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ძიკიჩიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავარი მწვრთნელის თქმით, ნაკრებს წინ კიდევ სამი თამაში ელოდება.
"ყველაფერი წინ გვაქვს, კიდევ სამი თამაშია. საწყისი ორი მატჩის შემდეგ, მოგება და წაგება გვაქვს. ვიცით ჩვენი მიზანი და მისი მიღწევისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ," - აღნიშნა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ძიკიჩიმ პრესკონფერენციაზე.
დღეს, საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მარცხი და ერთი გამარჯვებაა. გუშინ ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიასთან 62:78 დათმეს. მატჩის ბოლოს თორნიკე შენგელიამ მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც მას მოედანი დაატოვებინეს. თუმცა, დღეს თორნიკე შენგელია "ევრობასკეტის" მომდევნო მატჩს არ გამოტოვებს, მას FIBA-მ (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ) ფულადი ჯარიმა დააკისრა.