ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები იმ პროექტის შესახებ საუბრობენ, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. "კურიერის" რესპონდენტები გვიყვებიან, რომ ამორტიზებული გზის სავალი ნაწილი და მოძველებული წყლის სისტემა, ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობისთვის დიდი გამოწვევა იყო. ადგილობრივების თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემები გადაჭრილი, გადაადგილება კი უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ალექსიძის ქუჩას. საკომუნიკაციო ქსელები მიწისქვეშ განთავსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილსაც.
პროექტის დასრულების შედეგად, საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცეც შეემატება. დაგეგმილია შენობის დემონტაჟი, სადაც ახალი სკვერი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა დღეს დედაქალაქის მერმა.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის 2 800 000 ლარი დაიხარჯება.