11 აგვისტო 2026,   04:13
ვრცლად
თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუ საპროტესტო აქციებზე სამართალდარღვევების წახალისება - ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელები გამოძიების კითხვებს დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პასუხობდნენ

7 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 2-ის ხელმძღვანელს, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოუწია. "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი დირექტორი პირველი იყო, რომელიც სასამართლოში გამოცხადდა. ნინო დოლიძე მისი ხელმძღვანელობის პირობებში ISFED-ის მხრიდან კანონდარღვევას უარყოფს. ამბობს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს საჭირო ინვენტარის შეძენაც მხოლოდ მისი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა. დოლიძის შემდეგ საქალაქო სასამართლოში გიორგი კლდიაშვილი მივიდა. IDFI-ის ხელმძღვანელი მისი ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას უსამართლოდ მიიჩნევს.

საქმის პროკურორები იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რომელიც საქმეშია. გამოძიების ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ მესამე სექტორის ხელმძღვანელები ფულად რესურსს 2024 წლის საპროტესტოს აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა ინვენტარს, მათ შორის, აირწინაღებს, ჩაფხუტებს, ე.წ. წიწაკის სპრეისა და სხვა საშუალებებს ყიდულობდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ამ ქმედებებით კონკრეტული ორგანიზაციები ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ აქციების ძალადობრივ ხასიათში გადაზრდას.

დაშინებად და ზეწოლად აღიქვამს ოპოზიცია მესამე სექტორის ხელმძღვანელების გამოკითხვას. ხელისუფლები ოპონენტების თქმით, ანგარიშების დაყადაღება ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პროკურატურამ ანგარიშები კონკრეტული ფაქტების გამო დაუყადაღა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდებიან, თუმცა უკვე არსებული ინფორმაციითაც დარწმუნებული არიან, რომ ორგანიზაციებისთვის ჩარიცხული უცხოური დახმარება არამიზნობრივად, ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად გამოიყენებოდა.

სასამართლოში გამოკითხვების პარალელურად გამოძიება გრძელდება. პროკურატურაში საქმე საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზეა აღძრული.

დღის ამბები