07 აგვისტო 2026,   21:05
ვრცლად
რთველი 2025 - ვიდრე დიდი რთველი დაიწყება, შედარებით ადრეულ ჯიშებს ტრადიციული, მამა-პაპისეული მეთოდით კრეფენ და აბინავებენ

ვენახებს შორის მიმავალ, ურემში შებმულ პირუტყვს სოფლებში დღეს უკვე იშვიათად თუ ნახავთ. ალბერტი პაპაც თავის ვირს უკვე ხანდახან თუ ჩააბამს ხოლმე, მაგრამ ველისციხელებმა ყურძნის კრეფა ცოტა განსხვავებულად გადაწყვიტეს.

სანამ დიდი რთველი დაიწყება, შედარებით ადრეულ ჯიშებს ტრადიციული, მამა-პაპისეული მეთოდით დაკრეფენ და დააბინავებენ.

ალბერტი პაპას ვენახის თავში შეკრებილები უკვე ელოდებოდნენ. ყურძნის საკრეფად კვალში შესვლამდე იქვე, გოდრებზე გაშლილ პატარა სუფრაზე 2-3 ჭიქის აწევაც აუცილებელია. ცოტას მომავალზე გაისაუბრებენ, ცოტა წარსულსაც გაიხსენებენ. 1-2 ჭიქის შემდეგ, ხასიათზეც მოდიან და ფუნქციებსაც ინაწილებენ. ურემზე ალბერტი პაპას ვანო ანაცვლებს და რთველიც იწყება.

ასეთი რთველის დროს ყურძენი ბევრი არ იკრიფება. სიმბოლურად ,2-3 გოდორის გავსებაც საკმარისია, რომ რთველი ძველი ადათ-წესით გაიხსნას.

შრომაში ერთვება ყველა - დიდიც და პატარაც. რა თქმა უნდა, რთველის დროს იგეგმება ისიც, თუ რას იზამენ სამუშაო დღის ბოლოს. არკვევენ იმასაც, ვინ სვამს და ვინ არა.

რამდენიმე გოდორი ერთი საწნახელის დასაწურად საკმარისია. ველისციხელები ვენახიდან უკვე სერგისთან, მარანში ინაცვლებენ და ურმის დაცლას იწყებენ. პარალელურად, იმასაც არკვევენ, ვინ გარეცხავს ქვევრს. მთავარია შეირჩეს ისეთი, ვინც ქვევრში ჩაეტევა. ჩასვლამდე ქვევრის ყელი ირეცხება.

არანაირი ხსნარი და ფხვნილი. ჭურჭელი სუფთა წყლით უნდა გაირეცხოს. ქვევრის სახეხადაც მხოლოდ მცენარე გამოიყენება, რომელსაც ადგილობრივები კრაზანას ეძახიან. ქვევრის გარეცხვის შემდეგ, საწნახელში ჩასვლის დროც მოდის. ფეხით ყურძნის დაწურვაც, რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს, მაგრამ ესეც ტრადიციაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ტრადიციული დასასრულისთვის კი მარანთან, ეზოში დიდი მზადებაა. კახური სუფრის გარეშე რთველის სეზონი არასდროს იხსნება.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები