ელდარ შენგელაიას დაუვიწყარმა კინომოთხრობამ "თეთრი ქარავანი", რომელიც კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა, სვანეთში რიგით მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა.
მოწვეული ჟიური, უცხოელი რეჟისორები და კინოინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი - მესტიის მთებში თავმოყრილ კინოხელოვანებს შესაძლებლობა აქვთ, თანამედროვე ქართული და უცხოური ფილმები იხილონ.
ხუთი დღის განმავლობაში მასტერკლასებს ცნობილი კინოფესტივალების პროგრამერები და სეილ-აგენტები ჩაატარებენ. ღონისძიების დროს სეტის მოედანზე გარე ჩვენებები მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება საბავშვო, ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
სამ სხვადასხვა საუკუნეში განვითარებული სამი ისტორია, რომელიც ერთი მისტიკური ნახატის ირგვლივ ვითარდება, მაყურებელს ფესტივალის ფარგლებში ზაზა ურუშაძის ნამუშევარს "სამი სახლი" გააცნობს.
ფესტივალზე წარმოდგენილია გიორგი ოვაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით "ეს შენი სახლია". 15-წუთიანი ნამუშევარი ყურადღებას გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ამახვილებს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული კინოს განვითარების და მხარდაჭერისთვის, სადაც კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო პროფესიონალების წინაშე წარადგინონ.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი