ქართველი და უცხოელი არტისტები ერთ სცენაზე და მუსიკა, როგორც კულტურათა დიალოგი, მრავალფეროვანი პროგრამა და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც უკვე ათეულობით წელს ითვლის - თელავი საერთაშორისო მუსიკის ფესტივალისთვის ემზადება. 2025 წლის სეზონს გორის ქალთა კამერული გუნდი გახსნის.
80-იან წლებში ფესტივალი ელისო ვირსალაძემ დააარსა და მას "ქება ვაზისა" უწოდა. თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს ფესტივალი ახალი სახელწოდებით აღდგა და ის ყოველწლიურად იმართება.
ხუთი დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი და ასევე საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი ქართველი მუსიკოსი წარდგება.
ფესტივალის ფორმატი, გარდა საკონცერტო პროგრამისა, სხვადასხვა მუსიკალური დარგის სპეციალისტების სემინარებსა და მასტერკლასებსაც მოიცავს. კონცერტების მიღმა გაიმართება მსმენელთან შეხვედრები სახელწოდებით "საუბრები მუსიკაზე".
მასტერკლასებში მონაწილეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა მიიღებს. ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები 21 სექტემბერს კონცერტს გამართავენ.
19-დან 25 სექტემბრამდე ღონისძიებები თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი