ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
„წარმატებით მიმდინარეობს სქრინინგის მიმართულებით ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობების, რომლებიც გულისხმობს, რომლებიც გულისხმობს ერთის მხრივ კონკრეტული სქრინინგის ჩატარებას კონკრეტული დაინტერესებული პირებისთვის, მაგრამ მთავარი ფუნქცია-დანიშნულება ამ აქტივობისა გახლავთ, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ცნობიერება საზოგადოებაში საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი კეთდება თვითონ საზოგადოების თითოეული წევრის საკეთილდღეოდ იმისთვის, რომ თუ კი ვინმეს შეიძლება ემუქრებოდეს კონკრეტული დაავადების მსხვერპლად ყოფნა, ბუნებრივია, რომ ეს რაც შეიძლება ადრე უნდა იქნეს გამოვლენილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა“, - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.