09 აგვისტო 2026,   03:07
ვრცლად
ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმე - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველომ თავიდან ტერაქტი აიცილა

დანაშაული აღკვეთილია - საგამოძიებო უწყებები კი ახლა ორ ფაქტს შორის კავშირებს იკვლევენ. ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ უკრაინის მოქალაქეს, რომელიც "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. "ესბეუს" წარმომადგენლებმა სატვირთოს მძღოლს უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული პირისთვის გადაეცა. გაშიფრულია სამოქმედო გეგმის სხვა დეტალებიც. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთის ფედერაციაში უნდა ჩასულიყო. სატვირთოს მძღოლის ინფორმაციით, სწორედ რუსეთში უნდა მოწყობილიყო "პაუტინა ორი". თუმცა გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებით ირკვევა, რომ საბოლოო ლოკაციად - თბილისი, ავლაბრის ტერიტორია და აქ მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი სახელდება.

დაკავებული მძღოლი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხაილო სკრუბსკის ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა გამოატანა, თუმცა არ იცოდა, რა მოჰქონდა 4 ქვეყნის გავლით საქართველოში. მეორე ბრალდებული, კი რომელსაც ეს ნივთიერება უნდა აეღო, დუმილის უფლებას იყენებს.

გარკვეულია სავარაუდო მისამართიც, სადაც ბრალდებულს ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა მიეტანა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით კვალი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსნამდე მიდის. გამოცემა წერს, რომ ბაჩო ახალაია უკრაინის სპეცსამსახურებთანაა კავშირზე, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს. სტატიაში ნათქვამია, ისიც რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ოთხი ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას ამუშავებდა. შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი შეირჩა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ახალაია სახლში პარლამენტის შენობის დიდ მაკეტსაც ინახავდა იმისთვის, რომ პიკეტირების გეგმა თანამზრახველებისთვის დეტალურად გაეცნო.

შავიშვილის ქუჩაზე, მივიდა დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც, თუმცა ბაჩო ახალაიას მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სახლის კარი არავინ გააღო. მოგვიანებით კი ანი ნადარეიშვილმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ჰექსოგენის" საქმესთან ბაჩო ახალაიას კავშირს უარყოფს პაატა ბურჭულაძე, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად, 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. კომენტარი არც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გააკეთეს.

საქართველომ თავიდან აიცილა ტერაქტი - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. მმართველი გუნდი აქცენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე აკეთებს, რომლითაც "ქართული ოცნების" შეფასებით, სუს-მა საქართველო, ან სხვა ქვეყანა უდიდეს საფრთხეს აარიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, 2 კილოგრამი და 400 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, "ჰექსოგენი" შემოიტანეს. საუბარია, საშიშ ნივთიერებაზე, რომელიც ტროტილზე ბევრად უფრო ძლიერია. დაკავებულები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ: მათ, ასაფეთქებელი ნივთიერება, შენიღბულ სამალავებში მოათავსეს და 4 ქვეყნის გავლით, საქართველოში, მალულად შემოიტანეს.

დღის ამბები