"კურიერმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს "ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მისცა. ჩვენებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოგზავნეს.
სახელდება კონკრეტული სახელი და გვარი - ესბეუ-ს წარმომადგენელი ვლადიმერ სტადნიკი. დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ კიევში შეხვედრამდე და ასაფეთქებლის ავტომანქანაში დამაგრებამდე არ იცნობდა უკრაინის სპეცსამსახურების არც ერთ წარმომადგენელს, ასევე, ამტკიცებს, რომ ნივთიერება რუსეთში, "ობობას ქსელი 2"-ის მოსაწყობად იყო განკუთვნილი, თუმცა ამაზე არც ერთი სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
დასტურდება, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში გამოგზავნილი "ჰექსოგენის" ბოლო გაჩერება თბილისი, ავლაბრის ტერიტორია იყო. ჩვენების მიხედვით, ტყუილია ზოგიერთი მედიასაშუალების მტკიცება, რომ თითქოს ქართული სპეცსამსახურები აბრალებდნენ უკრაინელ კოლეგებს "ჰექსოგენის" საქართველოში გამოგზავნას. ეს ფაქტი თავად ასაფეთქებელი ნივთიერების შემომტანმა დაადასტურა:
"2025 წლის ივლისის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიმყოფებოდი ჩემთან სახლში უკრაინაში, რა დროსაც ჩემს მობილურ ტელეფონზე საკომუნიკაციო პროგრამა WhatsApp-ში დამიკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. მე დათანხმდი შეხვედრაზე და შევხვდი ქალაქ კიევში სტალიჩნაიას ქუჩაზე. იქ მოვიდა ორი მამაკაცი, ისინი იმყოფებოდნენ თეთრი ფერის Toyota Hilux-ის მოდელის ავტომანქანით, ნომრები არ მახსოვს, მაგრამ იყო კიევის ნომრებით. შეხვედრისას ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს, უკრაინულ ენაზე, რა დროსაც ორივე მამაკაცმა მითხრა, რომ ისინი იყვნენ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ორივემ წარმომიდგინა სამსახურებრივი მოწმობები. ერთ-ერთ მოწმობაში რამდენადაც მახსოვს, სავარაუდოდ, ეწერა სახელი და გვარი ვლადიმერ სტადნიკი, ხოლო მეორე მამაკაცის სამსახურებრივ მოწმობაში, რა სახელი და გვარი ეწერა არ წამიკითხავს და აღარ დავკვირვებივარ. საუბრისას ორივე მამაკაცმა მითხრა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ, რომ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით გადამქონდა ტვირთი. საუბრისას მკითხეს ძირითადად, თუ რა ტვირთი დამქონდა უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რამდენ ხანში ჩავდიოდი უკრაინიდან საქართველოში და, ასევე, დაინტერესდნენ ავტომანქანის გაბარიტებით, ანუ რა წონის და ზომის ტვირთი გადამქონდა.
ავტომანქანის დატვირთვის დღეს, მე WhatsApp-ში დამიკავშირდა ვლადიმირ სტადნიკი, რომელმაც მითხრა, რომ ვიცი აპირებ საქართველოს მიმართულებით ტვირთის წაღებას და მინდა გაგატანოო ჩემი ტვირთიცო, რაზეც მე დავთანხმდი და ქალაქ ხმელინცკსა და პადოლსკს შორის მდებარე, დუნაევცის დასახლებაში შევხვდი ვლადიმერ სტადნიკს, რომელსაც თან ახლდა ის პიროვნებაც რომელიც პირველი შეხვედრისას ახლდა. ვლადიმერ სტადნიკი და მასთან ერთად მყოფი მამაკაცი იმყოფებოდნენ Toyota RAV4-ის მოდელის რუხის ფერის ავტომანქანით, აღნიშნულ ავტომანქანას ჰქონდა ქალაქ კიევის სანომრე ნიშნები, რომლებიც ამჟამად არ მახსოვს. მე დავეჭვდი და ვუთხარი დაეკონკრეტებინათ, თუ რას მატანდნენ. ისინი კონკრეტულ პასუხს არ მაძლევდნენ, მეუბნებოდნენ რომ ჩამიდებდნენ ამანათს, რომელსაც საქართველოში მოაკითხავდნენ. მე შევშინდი და ვუთხარი, რომ ასე არაფერს წავიღებდი და არ მინდოდა ნარკოტიკულ საშუალებებთან მქონოდა რაიმე შეხება. მათ დამაჯერებლად დამიკონკრეტეს, რომ ეს არ იყო ნარკოტიკები და მე მშვიდად უნდა ვყოფილიყავი, რადგან სპეცსამსახურის თანამშრომლები არ იყვნენ ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებულები. მე რაღაცნაირად ვენდე მათ.
ავტომანქანა Toyota RAV4-ის უკანა სალონის სავარძლიდან ვლადიმერმა და მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა გადმოიტანეს საშუალო ზომის მუყაოს ყუთი და ერთი ცალი რკინის სამ ლიტრიანი ქილა, რომელიც გარედან დასვრილი იყო მაზუთით. მათ მითხრეს, რომ გამეღო ტრაილერის მისაბმელის ქვეშ მდებარე მარჯვენა და მარცხენა სათავსოების კარები და მიკონკრეტებდნენ, რომ არაფერი იყო საპრობლემო და მითხრეს, რომ ვამზადებთ რუსეთის ტერიტორიაზე "პაუწინა 2-ს" ან ობობას ქსელ 2-სო. კიდევ იქნება შენს შემდეგ რამდენიმე მანქანით იგივე ტვირთი საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით და ჩემამდე გაგზავნილი იყო რამდენიმე მანქანა. მე დაახლოებით ვიეჭვე, რომ ეს იქნებოდა რაღაც ნივთები საგნები ან დეტალები, რასაც გამოიყენებდნენ მერე რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა კონკრეტულად არ ვიცოდი, რა იდო მასში და ვენდე, როგორც უკრაინელი რიგითი მოქალაქე. მე გავაღე ორივე სათავსოს კარები, მარცხენა მხარეს დადეს რკინის 3 ლიტრიანი რკინა, ხოლო მარჯვენა მხარეს ჩადეს მუყაოს ყუთი. აქვე მოგახსენებთ, რომ ვლადიმერ სტადნიკმა და მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა მითხრეს, რომ ეს არის ავტომანქანის ზეთიო და ნუ ინერვიულებო, თუმცა ვინაიდან მე ვარ რამდენიმე წლის გამოცდილი მძღოლი მაშინვე მივხვდი, რომ ისინი მატანდნენ რაღაც საეჭვო ნივთს, რადგან ახსენეს რაღაცის მოხსენება რუსეთის ტერიტორიაზე, ვინაიდან აღნიშნული ნივთები იყო მაზუთით გარედან დასვრილი მე ისინი არ გამიხსნია.
ქართული ნომრით ჩავრთე ინტერნეტი და ტელეფონის ნომრიდან WhatsApp-ის საშუალებით დავუკავშირდი უკრაინაში ვლადიმერ სტადნიკს, რომელსაც ვუთხარი, რომ ვიმყოფებოდი უკვე საქართველოში. ვლადიმირმა მითხრა, რომ მემოძრავა ავტომანქანით, როგორც მქონდა დაგეგმილი ქალაქ ბათუმის მიმართულებით და დამიკავშირდებოდნენ პიროვნებები, რომლებიც თავად მომძებნიდნენ. მე ვინაიდან მყავს გაჩერებული მანქანა, ცოტა დავისვენე და არ გამიგრძელებია მოძრაობა. ზუსტი დრო არ მახსოვს ალბათ რამდენიმე საათში ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მომიკაკუნა კარებზე და უკრაინულ ენაზე მომესალმა. საუბრისას მან მითხრა, რომ მოსული იყო უკრაინიდან, გამოტანებული ნივთების წასაღებად. მე გავაღე ავტომანქანის მისაბმელის ჯერ ერთ მხარეს არსებული სათავსოს კარები და აღნიშნულ მამაკაცს გადავეცი ვლადიმერის მიერ გამოტანებული ნივთი, მამაკაცმა გამომართვა ნივთი, მიბრუნდა და ფეხით დაიწყო მოძრაობა, ალბათ გაივლიდა რამდენიმე მეტრს, მე ამ დროს შემოვუარე ტრაილერს, რათა ამომეღო მეორე მხარეს სათავსოში არსებული ნივთი გადასაცემად. ამ დროს აღნიშნულ მამაკაცთან და ჩემთანაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები ჩაატარეს ჩხრეკები და ჩვენ დაგვაკავეს," - წერია "ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ჩვენებაში.
ავტორი: ნანა გოგატაძე.