07 აგვისტო 2026,   18:24
ვრცლად
720 დევნილ ოჯახს დღეიდან ახალი მისამართი აქვს - ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის 3 ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა

720 დევნილ ოჯახს დღეიდან ახალი მისამართი აქვს, მათ საცხოვრებელი სახლის გასაღები უკვე გადაეცათ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია "ანაგმა" განახორციელა. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარს აჭარბებს. საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მოეწყო სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე. ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერმა აქცენტი, ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან, დევნილი ოჯახების მიმართ არსებულ მიდგომებზე გააკეთა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ეკონომიკის მინისტრმა გააცნო. ინფრასტრუქტურის გარე სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახალ სივრცეში სამრეწველო ინოვაციების, სამი დე პრინტერების, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიების მოწყობაა დაგეგმილი.

პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ კი თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააცნო. პროექტირების კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. პარკი, რომელიც 70 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება,

საბავშვო ზონებს, სპორტულ მოედნებს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს გააერთიანებს.

დღის ბოლოს ირაკლი კობახიძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი სამ კილომეტრ-ნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სივრცე ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. სამუშაოების ღირებულება 239 მილიონ ლარს აჭარბებს. აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება 4 ბილიკი, სადგომების რაოდენობა კი 17-მდე გაიზრდება. პრემიერი გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზებული სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის დროს შეამცირებს და პროცედურას გაამარტივებს.

წლის ბოლოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია ბიზნეს ლაუნჯის გახსნაც, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს. აეროპორტიდან საჰაერო რეისები 17 ქვეყნის, 32 მიმართულებით სრულდება.

დღის ამბები