რიყის პარკში დილიდან ხალხმრავლობაა - მოქალაქეები თბილისობას აღნიშნავენ. თბილისობის აღნიშვნა და სხვადასხვა აქტივობით დაკავება დილის 12 საათიდან საღამოს 10 საათამდეა შესაძლებელი.
რიყის პარკში მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი, ღია კინოთეატრი, ატრაქციონები, თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები. მთელი დღის განმავლობაში, მისულ სტუმრებს დახვდებათ გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის და ყველის სივრცე, ლუდის ზონა და ტკბილეულის ფესტივალი.
დაგეგმილია თეატრალიზებული წარმოდგენები, ზღაპრის გმირების მსვლელობა და სხვადასხვა საბავშვო - გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიები გამართავენ კონცერტებს, 18:00 საათზე კი სცენას ქართული ესტრადის შემსრულებლები დაიკავებენ.
2 დღიანი საზეიმო ღონისძიებები ხვალინდელი გალა-კონცერტით დასრულდება სახელწოდებით "ყველა უმღერის თბილისს".