ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და სპეციალური სითხეები — ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები პოლიციამ დუშეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვა. გამოძიების ინფორმაციით, ნივთები 38 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა. იგი უკვე დაკავებულია.
"კურიერის" ინფორმაციით, აღნიშნული პირი ნარკოტიკული საშუალებების კულტივირებას ეწეოდა. სამართალდამცველებმა დუშეთში მდებარე სახლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.
დუშეთის პარალელურად, პოლიცია მობილიზებული იყო თბილისში. "კურიერის" ცნობით, ეპიცენტრი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გახდა. აქ სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეს, არტემ ლიტიკოვს, ხელბორკილები დაადეს. იგი სახლთან ახლოს მაშინ დააკავეს, როდესაც ე.წ. "ფაქტის" სამალავში დადებას აპირებდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა კუბის მოქალაქის პირადი ჩხრეკისასაც.
"კურიერის" ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კახეთის გზატკეცილზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ავტომობილის ჩხრეკისას 17 შეკვრა, გასაყიდად გამზადებული მეთადონი აღმოაჩინეს. დაკავებული — რანდი ლუსონ პინო — დუმილის უფლებას იყენებს.
"კურიერის" ცნობით, კუბის მოქალაქე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებამდე, თავსაფრის მაძიებლად იყო დარეგისტრირებული და ბინადრობის ნებართვას ელოდებოდა.
რუსეთის, კუბის და საქართველოს მოქალაქეებს, ნარკოდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება