თაღლითობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს და ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება მას 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებას და ყალბი დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას ედავება. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ "ბი პი ტრანსის" 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გამოძიებას არ ემალება და საქართველო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ბრალის ოფიციალური დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააცნეს დაკავებულ 5 პირს. ამჟამად დუმილის უფლებით სარგებლობს კომპანია "ბი პი ტრანსის" მოქმედი დირექტორი. ადვოკატის განცხადებით, მაშინ როცა სახელმწიფოსთან კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა, ვალერიანე კვარაცხელია დირექტორის პოზიციას არ იკავებდა.
წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, "ბი პი ტრანსის" ფინანსური მენეჯერი. თაღლითობაში მონაწილეობას უარყოფს საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელიც.
4 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულები, ახლა სასამართლოს მოლოდინში არიან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დროს, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესში, თაღლითურად მიითვისეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი.
საზედამხედველო კომპანია, რომელიც "ბი პი ტრანსის" მიერ შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა "ეგის ინტერნეიშენალია". ამ დოკუმენტით კი დგინდება, რომ აღნიშნულმა კომპანიამ გასცა დასკვნა და დაადგინა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით არის შესრულებული. საზედამხედველო კომპანია "ეგის ინტერნეიშენალის" სათავო ოფისი საფრანგეთში მდებარეობს.
კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია თბილისის წარმომადგენლობის მისამართიც. ადგილზე "კურიერი" მივიდა, თუმცა გვითხრეს, რომ აქ უკვე დიდი ხანია კვების ობიექტი ფუნქციონირებს.
"ბი პი ტრანსის" 100 პროცენტიანი წილის მფლობელსა და ვანის საკრებულოს დეპუტატს დღეს კიდევ ერთი ბრალი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამავე საქმის ფარგლებში თურქეთის მოქალაქეც დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულიც და ძებნაში მყოფიც ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს არასწორად ადეკლარირებდნენ და ასე გადასახადებს თავს განზრახ არიდებდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიმალვაში მყოფ პაიკიძეს და თურქეთის მოქალაქეს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება თაღლითობის საქმეში ბრალდებულ პირებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.