50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი "ჰეროინის" საქმეზე დღეს პროცესი გაიმართება. საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
ირანის მოქალაქეს, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, "წითელი ხიდიდან" შემოვიდა. ის დატვირთული იყო "თევზის საკვებით", ტვირთში დამალული იყო 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი "ჰეროინი" იყო მოთავსებული. პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება შეიცავდა როგორც "ჰეროინს", ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება "დიაზეპამს".