ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირველი პირი, რომელიც ციხის ნაცვლად, სამკურნალოდ გაუშვეს, 45 წლის კაცია. წლების განმავლობაში სურდა, თუმცა კლინიკამდე მისვლა და სენის დამარცხება ვერ შეძლო. პროკურატურის შუამდგომლობით და მოსამართლის განაჩენით, ის რამდენიმე თვეს სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარებს.
ნარკოდამნაშავეების სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილების კარი, ამოქმედების შემდეგ პირველად, "კურიერი P.S.-თვის" გაიღო. პირველი პაციენტი დამნაშავე აქ რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
პაციენტი მსჯავრდებულები რეაბილიტაციის რთულ გზას სულ რამდენიმე დღეა დაადგნენ. მედიკოსების 24-საათიანი მეთვალყურეობა, ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და გამხნევება - მიაჩნიათ, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიონ და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესით დაბრუნდნენ.
ახალი პროექტი, რომელიც გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის და საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, მიზნად სწორედ ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვას ისახავს. საჭიროებს თუ არა ნარკოდამნაშავე სავალდებულო მკურნალობას - ამას გამოძიების ინიციატივით, ქვეყნის მთავარი ნარკოლოგებისგან შემდგარი კომისია წყვეტს. პროტოკოლს კომისიის თავმჯდომარე განგვიმარტავს.
სოციუმში უკეთესი მდგომარეობით დაბრუნების შანსი კიდევ ბევრ ნარკოდამნაშავეს მიეცემა. რა გეგმები და რესურსი აქვს ახლადგახსნილ სარეაბილიტაციო კლინიკას - ჯანდაცვის მინისტრი გვიყვება.
სავალდებულო მკურნალობა სასჯელი არ არის, ეს გამოსავალია - ასე განმარტავენ საგამოძიებო უწყებებში ზრუნვის კომპონენტს, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში სიახლეა. მკურნალობის ვალდებულება ბრალდებულს სასჯელთან ერთად ენიშნება. გენერალური პროკურორის მოადგილე იმ მიდგომებს განგვიმარტავს, რომელსაც პროკურორები სასამართლოში უკვე იყენებენ.
მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის ჯაჭვის გაწყვეტა და ნარკოდანაშაულის დამარცხება - მთავრობის მიერ გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას და შეცვლილ კანონებს სწორედ ეს მიზანი აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რამდენიმე თვის შედეგებს გვაცნობს. განახლებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ამოქმედებიდან დღემდე პასუხისგებაში 2500-მდე პირი მიეცა.
სპეციალური კომისია ახლა კიდევ რამდენიმე ბრალდებულის საქმეს სწავლობს - თუ კი დადგინდება, რომ ისინი ნარკოტიკების მომხმარებლები არიან, მათ აქ, რეაბილიტაციის ცენტრში სენის დამარცხებისთვის საუკეთესო შანსი ეძლევათ.