06 აგვისტო 2026,   15:49
ვრცლად
როგორ შექმნეს სუროგაციის თაღლითური სქემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და რა პირობებში აცხოვრებდნენ სუროგატ დედებს

თბილისში რკინიგზის სადგურთან მდებარე ჰოსტელში ათობით სუროგატმა ქალმა ფეხმძიმობის პერიოდი არასათანადო პირობებში გაატარა. დაწესებულება ამჟამად დაკეტილია, თუმცა "კურიერს" ადგილზე უთხრეს, რომ სუროგატი დედები თვეების განმავლობაში სწორედ ამ შენობაში ჰყავდათ დაბინავებული.

გამოძიების ინფორმაციით, ქალებს არც შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდნენ და არც საყოფაცხოვრებო სერვისებით უზრუნველყოფდნენ.

დაზარალებული ქალებისგან განსხვავებით თბილისში ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა იმ საშუამავლო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სუროგატებიც მოატყუა და ბიოლოგიური მშობლებიც.

შპს "ქინდერლი ჯორჯიას" დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ შვილის მსურველი წყვილები ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ და "ქინდერლი ჯორჯიას" 50-დან 85 ათას დოლარამდე ურიცხავდნენ. თავად სუროგატი დედების ანაზღაურება 16-დან 25 ათასამდე დოლარი უნდა ყოფილიყო.

არმენ მელიქიანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის ბიზნესპარტნიორს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად მიესაჯა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.

რა ბედი ეწიათ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს - პროკურორი ამბობს, რომ ახალშობილების უმეტესობა ბიოლოგიურმა მშობლებმა წაიყვანეს, ზოგ შემთხვევაში კი დაპირების მიუხედავად, სუროგაცია საერთოდ არ ჩატარდა და გადახდილი თანხები საშუამავლო კომპანიამ მიითვისა. ბრალდების მხარე დამნაშავეთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

არმენ მელიქიანს, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან 200 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, მითვისების ბრალდებით 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგივე სასჯელი ელის მიმალვაში მყოფ უკრაინის მოქალაქეს.

დღის ამბები