11 აგვისტო 2026,   12:16
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლის მონგრეული ჯებირები, ბარიკადები, პიროტექნიკა და შტურმი ათონელის რეზიდენციაზე - როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციაზე

19:08 წუთი - თავისუფლების მოედნიდან ათონელი ქუჩაზე წასული აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ანგრევენ და შენობაში შეჭრას ცდილობენ. დემონსტრანტებმა დაანგრიეს ჯებირები, გადაძვრნენ ღობეზე. ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, მათ შორის - ქვებს.

სასახლეში შეჭრის მიზნით, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ პროცესებში მონაწილეობას იღებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეც. ხელისუფლების დამხობისკენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სწორედ მან და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ მოუწოდეს.

მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ ასრულებენ მომიტინგეები. თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლესთან ჩასული აქციის მონაწილეები თავს ესხმიან სამართალდამცველებსაც. ათონელის რეზიდენციის ეზოში განლაგებული შსს-ს დანაყოფები ჯერ წიწაკის სპრეის იყენებენ. ათონელის ქუჩაზე ჩნდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა.

სპეცრაზმი იწყებს რადიკალური დაჯგუფებების დაშლას, მათ შორის, წყლის ჭავლით. სამართალდამცველები აკავებენ აგრესიული მომიტინგეების ნაწილს.

სპეცრაზმი ათავისუფლებს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და ათონელის ქუჩას შსს-ს ძალები იკავებენ.

დემონსტრანტები ორბელიანის მოედანზე გადადიან - გზებს ურნებით და რკინის ჯებირებით ხერგავენ, ცეცხლს უკიდებენ მუნიციპალურ და კერძო ინვენტარს, ამტვრევენ შენობების და კაფეების ფანჯრებს.

ადგილზე არაერთხელ გაისმა გაფრთხილება, რომ თუ შეკრებილები არ დაიშლებოდნენ, სამართალდამცავი უწყება დაიწყებოდა შესაბამისი ღონისძიებებს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

აქციის მონაწილეები იწყებენ პიროტექნიკის გამოყენებას.

ხელისუფლების დამხობისკენ გაკეთებული მოწოდების შემდეგ, მომიტინგეები უპირისპირდებიან შსს-ს თანამშრომლებს. დაზიანებებს იღებს 20-ზე მეტი სამართალდამცველი.

დემონსტრანტები გადადიან თაბუკაშვილის ქუჩაზე. აზიანებენ ავტომობილს, აჩენენ ცეცხლის არაერთ კერას, სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან ქვებს და სხვადასხვა ნივთს.

მომიტინგეთა ნაწილი ხელს უშლის ჟურნალისტებს საქმიანობაში. დემონსტრანტთა კიდევ ერთი ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე.

4 ოქტომბრის პროტესტი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ორგანიზატორის დაკავებით სრულდება.

დღის ამბები