საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.
საქალაქო სასამართლოში გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე ათასი ლარი მან ნამდვილად ჩარიცხა დახმარების ფონდებში, თუმცა რომელ ფონდებში, მას არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ გიორგი ქადაგიძემ თანხა ჯარიმების გადასახდელად "ადამიანის უფლებათა სახლს" ჩაურიცხა. მან აღნიშნა, რომ ქადაგიძის სასამართლოში დაბარების მიზეზი სწორედ მის მიერ გადარიცხული თანხები იყო. აინტერესებდათ მოტივაცია, თუ რა მიზნით რიცხავდა იგი თანხებს.
"გადარიცხვები ნამდვილად აქვს "ადამიანის უფლებათა სახლისთვის", კერძო, პირადი გადარიცხვა აქვს და მისთვის ისიც ცნობილი იყო, რომ ამ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ იხდიდა ჯარიმებს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო, დახმარებოდა ადამიანებს. სხვა, ორგანიზაციას რა მიზნები ჰქონდა, ეს მისთვის უცნობია", - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ასევე, ქადაგიძე პირდაპირ ჩართვებსა და "ფეისბუქ" პოსტებში საუბრობდა ხელისუფლების დამხობასა და სისტემის ჩამოშლაზე.
"ბუნებრივია, ამით დავინტერესდით. ცხადია, მის განცხადებებს ვერ უარყოფდა, რაც არქივშიცაა ასახული, თუმცა ამ განცხადებების შელამაზება სცადა, მაგრამ ეს რამდენად გასაზიარებელია გამოძიების მიერ ეს ცალკე საკითხია. შეფასება მიეცემა მის ამ საჯარო გამოსვლებსაც და მის დღევანდელ ჩვენებასაც", - აღნიშნა კოტრიკაძემ.