გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა - თენგიზ ბარბაქაძემ, მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და ირაკლი მუმლაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. მსჯავრდებულები ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც 5-5 წლით მისჯილი სასჯელი სრულად ამოწურეს.
ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა. ის, 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირი იყო დაკავებული. მათგან 5 პირი ფეხბურთელის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გასამართლდა, სამ სრულწლოვანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორ არასრულწლოვანს კი 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.