4 ოქტომბერი, საღამოს დაახლოებით რვის თხუთმეტი წუთი - გადაღებულ კადრებში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ორბელიანის სასახლის ჭიშკარს ხელებით ეჭიდება და ეზოში მყოფ სამართალდამცველებზე ძალადობს. მალევე დემონსტრანტი შიდა ტერიტორიაზე ინაცვლებს და ძალოვნებს ფიზიკურ წინააღმდეგობასაც უწევს.
კიდევ ერთ კადრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აქციის მონაწილე სამართალდამცველს სავარაუდოდ დროშის ტარს ურტყამს.
რკინის ბარიკადები ერთადერთი არ არის, რასაც აქციის მონაწილეები ორბელიანის სასახლის ეზოში ისროდნენ.
ერთ-ერთი დემონსტრანტი ქალი, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ მოგლეჯილ ღობესა და ორბელიანის სასახლის მოპირდაპირე მხარეს დგას, სამართალდამცველების მიმართულებით, სავარაუდოდ ქვას ისვრის.
სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასული კადრები, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ 3 წუთიან ვიდეოჩანაწერში არაერთი პირი მოხვდა, მათი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.
აქციის მონაწილეთა დასაკავებლად გუშინ გვიან ღამით მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. 2 დემონსტრანტი კი მიმალვაშია
სტრატეგიული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ბლოკირება, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღება - ბრალის ოფიციალური დადგენილება, დაკავებულთა ნაწილს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილს კი დიღმის მთავარ სამმართველოში გააცნეს. უფლებადამცველების განცხადებით, ზოგი დუმილის უფლებას იყენებს, ზოგი კი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო ბრალდება კი საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე საუბრობს. გამოძიებით დგინდება, რომ აქციის მონაწილეებმა, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ძალადობრივი ქმედებები დაიწყეს. ბრალდებულები სამართალდამცველების მიმართა გამოხატავდნენ აგრესიას, რაც რკინის კონსტრუქციებისა და სხვადასხვა საგნის სროლით გამოიხატებოდა. პროკურორის თქმით, დემონსტრანტებმა დააზიანეს ქუჩის ინფრასტრუქტურა.
ცამეტივე ბრალდებული ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნის მოლოდინშია. დაკავებულთა შორის არიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. გისოსებში მყოფებს დღეს მხარდაჭერა, გარედან თანაპარტიელებმა გამოუცხადეს.
ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გმირობაა, დესტრუქცია და ძალადობაა მმართველი გუნდისთვის. ირაკლი კირცხალიას თქმით, აქციის მონაწილეებმა კარგად იცოდნენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
ორბელიანის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე "ღამის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ექსტრემისტული ჯგუფების დავალება და სახელმწიფოზე შტურმის მიტანა მარცხით დასრულდა.
წარუმატებელი შტურმის სავარაუდო მონაწილეებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ, განსასჯელის სკამზე მყოფ 13 პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.