ძალადობრივი აქციის მონაწილე, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს გაურკვეველ ნივთს ესვრის, ია დარახველიძეა. ის რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს.
პირდაპირ ეთერში გასული კადრებიდან ირკვევა, რომ დარახველიძე არაერთხელ დაუპირისპირდა სპეცრაზმელებს, მოგვიანებით კი თავად აქციის მონაწილეებსაც.
გამოძიება მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს, თუმცა ის დუმილის უფლებას იყენებს.
სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის სხვებთან ერთად გასამართლდება ამირან დოლიშვილი. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრალდებული ჯერ ორბელიანის სასახლის წინ დგას, მოგვიანებით კი სხვებთან ერთად ეზოში ინაცვლებს.
აქციის მონაწილეების მიერ მოგლეჯილი ღობიდან, ორბელიანების სასახლის ეზოში იჭრება ხვიჩა გოგოხია. ბრალდებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე რომელიც ძალოვნების მიმართულებით სავარაუდოდ ქვას ისვრის, ავთანდილ სურმანიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმელი აქტივისტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა.
სახელმწიფო ბრალდებამ დღეს ძალადობრივ აქციაში მონაწილე 17 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულებმა ორბელიანის სასახლის ტერიტორიაზე, აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით დააზიანეს ღობე და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებსაც.
ვიდრე სხვები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან, ძალადობრივ აქციაში მონაწილე 7 პირი მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება. არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და შვიდივეს აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომა- პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფური ძალადობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის სამართლდება ზურა ჭავჭანიძე. რომელიც კადრების მიხედვით, საპრეზიდენტო სასახლის ეზოში დამტვრეული ღობის მიღმა გადაადგილდება.
სხვა 6 პირთან ერთად, პატიმრობაში რჩება კონსტანტინე კოკაიაც. რომელიც კადრებში ორბელიანის სასახლის ეზოში შესვლისკენ სხვებსაც მოუწოდებს. კოკაიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფო ბრალდებისთვის არ გადაუცია.
სახელმწიფო ბრალდებამ ჯერ წერილობით, შემდეგ კი ინტერვიუში დაადასტურა, რომ ამ დრომდე დაცვის მხარეს არც ერთი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ წარუდგენია. ეს მაშინ, როცა ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელით თუ ტელეეთერით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა დაკავებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 5 პირის პროცესი ჩატარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა სულ 8 ადამიანი დააკავეს.
მთელი საქართველოს მასშტაბით კი, 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 პირია დაპატიმრებული. თუმცა ბრალდებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.