გარიგება ფიზიკური ანგარიშსწორების ინსცენირებისთვის - პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ბრალი უკვე წარედგინა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის არ აღიარებს, რომ წინასწარ შერჩეული პატიმრები გიორგი ბაჩიაშვილს საკანში, მისივე გეგმის აღსასრულებლად შეასახლა.
ქემოკლიძის ადვოკატისგან განსხვავებით, ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს არ იცნობს. ბრალდებასაც აბსურდულს უწოდებს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიებით კი დადგინდა, რომ გიორგი ქემოკლიძესა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების მიზანი საინფორმაციო საშუალებებით ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო - როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში პატიმრები ორჯერ შეასახლა. ცემის იმიტაცია წარმატებული მეორე მცდელობაზე აღმოჩნდა. მისი მითითებით ორჯერ გაითიშა სამეთვალყურეო კამერებიც.
ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა მსჯავრდებულის წერილთან ერთად, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ მისი ფიზიკური ანგარიშსწორება ივანიშვილისთვის მოპარული ბიტკოინების დასაბრუნებლად დაიგეგმა. საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება თავიდან იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. საქმე მოგვიანებით სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეცა, რადგან გამოძიების მიხედვით, ბაჩიაშვილი ქემოკლიძესთან სავარაუდოდ, სწორედ კორუფციულ გარიგებაში შევიდა.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან თაღლითურად მითვისებულ დიდ თანხას ისევ თაღლითობისთვის იყენებს. ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა სწორედ საკუთარი პიარული მიზნების შესასრულებლად მოისყიდა ისევე, როგორც ზოგიერთი საერთაშორისო მედიასაშუალება.
გამოძიების არა, თუმცა ბაჩიაშვილის ვერსიის უფრო სჯერა ოპოზიციას.
მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ გამოძიება უფრო მეტს დაადგენს, თუ რა გარემოებებში შეძლო გიორგი ბაჩიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკუთარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა, რაც მედია სივრცეში ხმაურის შესაქმნელად ფიზიკური თავდასხმის იმიტაციას უკავშირდება.
გიორგი ქემოკლიძე პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან აგვისტოში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა საკანში ცემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე თვეში სუს-მა ქემოკლიძე სისხლის სამართლის კოდექსის, 332-ე მუხლით დააკავა.