07 აგვისტო 2026,   18:13
ვრცლად
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, რომელიც ყველასათვის უფასო იქნება - ჯანდაცვაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე

ლალი ზეინკლიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარა. იმუნიზაციის პროცესში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. მედიკოსები ამბობენ, რომ აცრა უსაფრთხოა 6 თვის ასაკიდან ნებისმიერი პაციენტისთვის, მათ შორის ორსულებისთვის.

იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც. Vaxigrip-ი, რომლის 200 000 დოზა სახელმწიფომ უკვე შეიძინა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული. ვაქცინა იმ შტამებზეა მორგებული, რომლებიც გრიპის სეზონზე ცირკულირებენ.

დროული ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ იმუნიზაციისთვის საჭირო მარაგი სრულად იმპორტირებულია. მისივე განცხადებით ჯანდაცვის სექტორი გრიპის სეზონისთვის ნაადრევად მოემზადა.

იმუნიზაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

დღის ამბები