"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეომასალაში ტერორისტული დაჯგუფების ის წევრები ჩანან, რომლებიც საქართველოში ისლამური სახელმწიფოს ლიდერების არალეგალურად შემოყვანასა და ტერორისტული აქტივობების მოწყობას გეგმავდნენ. ჩანაწერი თავად ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადაიღეს. ვიდეოში ისმის ავტომატიდან სროლის ხმა და შეძახილები.
ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მტკიცებულებებს შორის, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ მრავალტომიან საქმეში დევს. საქართველოს სამი მოქალაქე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბათუმში, საცხოვრებელ მისამართებზე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა და ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები ამოიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალურად განმარტეს, თუ რა ტერორისტული აქტივობების მოწყობას გეგმავდნენ დაკავებულები საქართველოში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მათი დაკავება. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება.
ე.წ. თექბირისტების დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებშიც იძებნება. უცხოური მედია მას ისლამური სახელმწიფოს რადიკალურ და ექსტრემისტულ დანაყოფად მოიხსენიებს.
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.