ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. წინა პროცესზე უძილაურმა დუმილი დაარღვია, აღიარა, რომ ჯანგველაძეს მან ესროლა, თუმცა მოტივად პირადი წყენა დაასახელა.
მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გელა უძილაურს ანგარებით, შეკვეთით მკვლელობაში ადანაშაულებენ.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ რა ვერსიებზეც ისაუბრა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესებზე, ყველა ვერსია არის ცრუ, გარდა იმისა, რომ უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.
"მიმოვიხილავთ უშუალოდ მკვლელობის დღეს დეტალურად და მოსამართლეს დავანახებთ, რომ ჩვენი პოზიცია არის მართალი, ჩვენ ვეყრდნობით მტკიცებულებებს და გელა უძილაურმა სრული სიცრუე განაცხადა წინა პროცესზე. რა ვერსიებიც წარმოთქვა, ყველა ვერსიას განვიხილავ, რომ არის ცრუ. მან არცერთ ეპიზოდში, გარდა იმისა, რომ მან მოკლა ლევან ჯანგველაძე - ეს სწორია, მაგრამ სხვა ეპიზოდი, თითქოს პირადი დაპირისპირება ჰქონდა, არც გამომდინარეობს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. გამომძიებელი ამ დრომდეც ეძებს თბილისში სვეტას (უკრაინელი პროგრამისტი), მაგრამ, სამწუხაროდ, ასე რთულია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სვეტა არსებობს და შესაბამისად ვერ იქნება მოძიებული. იყენებდა ის დუმილის უფლებას და არა ერთხელ აღვნიშნე, რომ გამარჯობასაც კი ჩუმად ამბობდა, როდესაც დარბაზში შემოდიოდა, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი იყო, როდესაც მას ჩაუტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, მინიმუმ ექსპერტთან მაინც უნდა ესაუბრა ხომ არ იყო აფექტის ან აღელვების მდგომარეობაში, მაგრამ იქაც დუმილის უფლება გამოიყენა“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.