03 აგვისტო 2026,   16:04
ვრცლად
განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია უკვე ცნობილია

განათლების სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და მათი გადაჭრის გზები - უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია უკვე ცნობილია. მთავრობა ახლა საჯარო განხილვებისთვის ემზადება, რომლის შედეგადაც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს გეგმა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება. გამოწვევებს შორის დასახელდა ერთის მხრივ, სამშობლოდან საზღვარგარეთ მიგრაცია, მეორეს მხრივ კი, სტუდენტების დედაქალაქში კონცენტრაცია. სწორედ ამას ემსახურება თბილისის შემდეგ ქუთაისში ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერის შექმნა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საუნივერსიტეტო განათლების ყველა ძირითადი მიმართულება. ამ მხრივ, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს რუსთავის პოტენციალიც და უნდა გაძლიერდეს რეგიონებში მოქმედი ხუთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები.

აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანასწორობა - ეს კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას პრინციპით - ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ერთ ქალაქში მოქმედ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში დუბლირებული ფაკულტეტები, პრაქტიკაში იწვევს რესურსების არათანაბარ განაწილებას, თანაბარი რანგის დიპლომები კი, განათლების და კვალიფიკაციის ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ, რეფორმის მიხედვით, თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. აქტიურად მიდის მუშაობა საჯარო სკოლებში 11 წლიანი სწავლების დაბრუნებაზე, რაც განათლების მინისტრის განმარტებით, ბოლონიის პროცესთან სრულ თანხვედრაშია, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მსჯელობა მიდის გამონაკლის შემთხვევებში 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნებაზეც.

სწორედ 11 წლიან სასწავლო პროგრამას აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები, ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას განათლების ევროპულ სისტემას დააშორებს, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ რეფორმა პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ.

ოპონენტების განცხადებებს "ქართული ოცნება" მანიპულაციურს და სპეკულაციურს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ რეფორმა სწორედ განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მუშავდება, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, საკადრო პოლიტიკის დახვეწაა. უმაღლესი განათლების კონცეფციის მიხედვით, იგეგმება სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურების 10 000 ლარამდე გაზრდა.

უმაღლესი განათლების რეფორმა ჯერ სამთავრობო კომისიამ, შემდეგ კი მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა მანამდე გაიმართება კონსულტაციები განათლების მიმართულების ანალიტიკოსებთან. დოკუმენტი საბოლოო სახეს, სწორედ საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.

მთავრობა გეგმავს უმაღლესი განათლების დაფინანსების საგრანტო სისტემის გადახედვასაც - სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებული ფინანსურ საჭიროებებიდან გამომდინარე. გათვალისწინებული იქნება თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტებისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი.

დღის ამბები