07 აგვისტო 2026,   20:01
ვრცლად
ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში - სარჩელის შესვლის შემდეგ, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს

ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას #8, საკონსტიტუციო სასამართლო - ამ კედლებში ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერება. აქ გადაწყდება, აეკრძალებათ თუ არა პოლიტიკური საქმიანობა 25 წლის წინ დაარსებულ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან აფილირებულ პარტიებსა თუ პირებს.

საქართველოს ხელისუფლების სარჩელი, ასაკრძალი პარტიების ნუსხით, საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირაში შევა. "ქართულ ოცნებაში" საერთაშორისო პრაქტიკაზეც საუბრობენ.

საკონსტიტუციო სარჩელის შეტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის პირობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო. შემდეგ შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია - 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის მიზნით.

6-თვიანი მუშაობის შედეგი და 460-გვერდიანი დასკვნა - დოკუმენტში უმძიმესი ფაქტები აღინუსხა - შესაბამისი მტკიცებულებებით - ყოფილი ჩინოსნების დაკვეთით და მონაწილეობით ჩადენილ მკვლელობებზე, სასტიკი წამების ეპიზოდებზე, ქვეყნის საზიანო მოქმედებებზე, კორუფციაზე, მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ფაქტებზე, რომლებსაც სამართლებრივი შეფასებები ქართულმა და ევროპულმა სასამართლოებმა მისცეს.

თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა ხელისუფლების საკონსტიტუციო სარჩელს მთავარ მტკიცებულებად დაერთვება.

ასაკრძალ პარტიათა და სუბიექტთა სია, სავარაუდოდ, ვრცელია. დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თუ აკრძალეს, იატაკქვეშეთიდან იმოქმედებენ, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას კი სტრასბურგში წაიღებენ - ასეთია საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნის - "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, რაც, სახელისუფლებო გუნდის პროგნოზით, მარცხისთვის არის განწირული.

მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოპოზიციური ველის გაჯანსაღებას ელის.

ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, ვის რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.

დღის ამბები