09 აგვისტო 2026,   05:54
ვრცლად
გზის ხელოვნურად გადაკეტვა და სახის ნიღბით დაფარვა - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 5 საქმე საქალაქო სასამართლოს დღის პირველ ნახევარში გადაეცა

გზის ხელოვნურად გადაკეტვა და სახის ნიღბით დაფარვა - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 5 საქმე საქალაქო სასამართლოს დღის პირველ ნახევარში გადაეცა. 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ თემურ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს, 4 დღიანი ნინო ბერუაშვილს. ამ წუთებში მიმდინარეობს ქეთა ციცქიშვილს და თამარ თორთლაძის სასამართლო პროცესები.

18 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 14 ფაქტზე კი საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ვახო სანაიას. რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაში, სასამართლომ 4, 5 და 8 დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონის დარღვევის ფაქტებზე, შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს 27 პირი. სახელისუფლებო გუნდი თითოეულ გადაცდომაზე სამართლებრივ რეაგირებას ელოდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა პასუხი თანაბრად უნდა აგოს.

საპირისპიროს ამტკიცებს, საპროტესტო აქციებში მონაწილე და აქციებს დისტანცირებული ოპოზიცია. სააკაშვილის პარტიასა და ლელოში ირწმუნებიან, რომ გამკაცრებული რეგულაციების მიზანი, საპროტესტო მუხტის შემცირებაა.

ოპონენტებს, სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არასაკმარისი რაოდენობის აქტივისტების შემთხვევაში, გზის ხელოვნურად გადაკეტვა დანაშაულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებმა, ვინც სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, სატრანსპორტო მოძრაობა მაინც შეაფერხეს, კანონი გააზრებულად და მიზანმიმართულად დაარღვიეს.

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 15 დღემდე პატიმრობაა განსაზღვრული გზის გადაკეტვის, აქციაზე ნიღბისა და ცრემლსადენი ნივთიერების ტარების შემთხვევაში. 60 დღიანი პატიმრობა ემუქრება მასაც, ვინც აქციაზე პიროტექნიკით იარაღით, ან სხვისი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთით იქნება შეიარაღებული. ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. აქციის მონაწილე სისხლის სამართლის წინაშე აგებს პასუხს თუ კანონს განმეორებით დაარღვევს.

დღის ამბები