07 აგვისტო 2026,   15:02
ვრცლად
დამალვა სატვირთო ავტომობილში და საქართველოში უკანონოდ შემოსვლის წარუმატებელი მცდელობა - სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, 4 პირი დააკავა. ისინი "სარფისა" და "კირნათის" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფისა" და "კირნათის" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ი., 1999 წელს დაბადებული ი.თ., 2003 წელს დაბადებული თ.ი. და 1999 წელს დაბადებული მ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ა.ი.-მ და ი.თ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა თ.ი.-მ და მ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში", - აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები