07 აგვისტო 2026,   18:06
ვრცლად
ჩაშლილი ირანული ნარკოტრეფიკი და გაშიფრული სქემა - როგორ ჩაშალეს ქართველმა სამართალდამცველებმა ირანიდან პოლონეთში, სველ ხელსაწმენდებში შეფუთული 250 კილოგრამი ჰეროინის გადაზიდვის გეგმა

ჩაშლილი ირანული ნარკოტრეფიკი და გაშიფრული სქემა - ქართველი სამართალდამცველების ანგარიშზე კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციაა - მათ ირანიდან პოლონეთში, სველ ხელსაწმენდებში შეფუთული 250 კილოგრამი ჰეროინის გადაზიდვის გეგმა ჩაშალეს.

22 ოქტომბერი, ბათუმის ტერმინალი - მებაჟეები საეჭვო ტვირთის შემოწმებას იწყებენ. ევროპისთვის განკუთვნილი ირანული სველი ხელსახოცების შემოწმებას.

გაირკვა, რომ შენიღბული ნარკოტიკით სავსე სატვირთო წითელი ხიდიდან, 13 სექტემბერს შემოვიდა. თითქმის ერთი თვე აჭარაში დაასაწყობეს, საბოლოო ლოკაციისკენ გამგზავრების გეგმა კი, მებაჟეებმა ჩაშალეს.

ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მთავარი ფიგურანტი 55 წლის მალხაზ კევლიშვილია, სწორედ მისმა კომპანიამ "ევროაზრია 2024-მა" აიღო საკუთარ თავზე ხელსახოცში შენიღბული ჰეროინის ირანიდან პოლონეთში ტრანსპორტირება. "კურიერი პიესი" თბილისში, კომპანიის რეგისტრაციის მისამართზე მივიდა, აქ დიდი ხნის წინ გაქირავებული ბინა დაგვხვდა.

"კურიერი პიესმა" მალხაზ კევლიშვილის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა. ბრალდებული თურქ დამკვეთს ასახელებს, დეტალურად აღწერს, როგორ შექმნა მისი დაკვეთით, გასულ წელს, კომპანია, სამშენებლო მასალების ბიზნესის განზრახვით. თურქმა მეგობარმა კი, მისი კომპანიის სახელით, აზიიდან ევროპაში ასობით კილო ჰეროინის გადაზიდვა სცადა.

საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ კევლიშვილს ჰეროინის მოვლა-პატრონობისთვის კარგად გადაუხადეს. შენიღბული ნარკოტიკის საქართველოში ჩამოტანის დღიდან, თურქეთის მოქალაქის ქართველი მოკავშირე აჭარაში, მეგობრის სახლში ცხოვრობდა. მეორე დაკავებული სწორედ მისი მეგობარი ტარიელ მესხიძეა, მისი სახლიდან ის ნაჩუქარი სველი ხელსახოცების 2 შეფუთვა ამოიღეს, სადაც 200 გრამი ჰეროინი იდო. მოხდა თუ არა სატრანზიტო ნარკოტიკის

საქართველოში რეალიზება - ამას გამოძიება სწავლობს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მასპინძელს სტუმრის დანაშაულთან კავშირი არ აქვს.

ვინ დგას ნარკოტრეფიკის სათავეში - გამოძიების მთავარი სამიზნე ახლა თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ტრანსნაციონალური დანაშაული სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ დაგეგმა.

ხელსახოცებში დამალული 250 კილოგრამი ჰეროინის საქმე, ერთადერთი არ არის - ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ნარკოკარტელის კიდევ რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს.

რა გზით და მეთოდით ხდება საქართველოს საზღვარზე რისკის შემცველი ტვირთის გამოვლენა - ამაზე ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების უწყებათაშორისი დანაყოფი ზრუნავს.

"კურიერი პიესს" ის პროცესი აჩვენეს, რასაც საეჭვო ტვირთი საბაჟო ტერმინალზე გადის.

ვინ დგას საქართველოში აღკვეთილი ბოლო ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის სათავეში - ამას ქართული და საერთაშორისო გამოძიება სწავლობს. უკვე გამოვლენილ ქართველ მოკავშირეს კი, უმძიმესი სასჯელი, უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები