სახელისუფლებო ძალა სასამართლოსგან იმ პარტიების აკრძალვას ითხოვს, რომლებიც "ქართული ოცნების" შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში არიან მხილებული. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სარჩელი პარტიებთან ერთად, ათეულობით პოლიტიკოსისთვის საქმიანობის აკრძალვის საფუძველი გახდება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა აპრობირებული მეთოდია არაერთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ოპოზიციის ნაწილი. "ლელომ" შესაბამისი სარჩელი სასამართლოს უკვე წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ძალაში მიიჩნევენ, რომ ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას დაუწესებს.
ოპონენტებთან ოპონირებისთვის სახელისუფლებო პარტია მზადაა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, თავად კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ მხრივ სადავოც არაფერია. საპარლამენტო უმრავლესობაში იმასაც დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ გახდა საჭირო სასამართლომ კონკრეტული პირების საქმიანობის აკრძალვასა და შეზღუდვებზე იმსჯელოს.
პარტიების ვრცელ ჩამონათვალში, რომელთა საქმიანობაც, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოს, ერთ-ერთი პირველი "ნაციონალური მოძრაობაა". ამ პოლიტიკურ ძალაში აცხადებენ, რომ სამოქმედო სტრატეგიას უახლოეს დღეებში ჩამოაყალიბებენ. სამართლებრივი ბრძოლისკენ მოუწოდებენ პარტიებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს და კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების საქმიანობას აკრძალავს, კანონის გვერდის ავლას არავის ურჩევენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ყველას ვალდებულება იქნება.
სარჩელი, რომლითაც "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიან დასკვნას ეყრდნობა.