05 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
წელს მუსიკალური სამყარო სულხან ცინცაძის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს - კომპოზიტორის შემოქმედება თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა გაიხსენეს

მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც თითქმის ყველა ჟანრს შეეხო, მათ შორის კინო მუსიკასაც, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის და ყველა თაობის მსმენელისთვის დღემდე საყვარელ და კარგად ნაცნობ მელოდიებად რჩება. სულხან ცინცაძის შემოქმედება, ამჯერად თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა გაიხსენეს. წელს მუსიკალური სამყარო სულხან ცინცაძის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "თოჯინები იცინიან" და "ჭრიჭინა" - ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც კომპოზიტორმა წლების განმავლობაში იმუშავა.

მას ყველა პერსონაჟი დეტალურად ჰყავდა შესწავლილი. იმისთვის, რომ კინომუსიკა განსაკუთრებული ყოფილიყო, შემოქმედებით ჯგუფს გადაღებებზეც მიყვებოდა. სულხან ცინცაძის მუსიკა 25-მდე ფილმს აერთიანებს.

ქართული საკომპოზიტორო სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი და პედაგოგი, სულხან ცინცაძის შემოქმედება თავიდანვე აღიარეს, როგორც ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურის მონაპოვარი. თითქმის 20 წლის განმავლობაში, ის იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის, მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. მას შექმნილი აქვს რამდენიმე ოპერა, სიმფონია და კონცერტი, მუსიკა ბალეტისთვის. მიუხედავად ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა, სულხან ცინცაძის შემოქმედების დიდი ნაწილი საკვარტეტო მუსიკას ეთმობა.

"სულხან ცინცაძის შემოქმედებითი მიღწევებით წყალობით, ქართულმა მუსიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა" – წერდა კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი. დღეს მისი ნაწარმოებები საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად რჩება.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე 

დღის ამბები