დღეს მსმენელები სამომავლოდ შესაძლოა იმ პროფესიის გამგრძელებლები აღმოჩნდნენ, რომელიც სიმამაცეს, სიმტკიცეს, საჭიროების შემთხვევაში კი თავგანწირვასაც მოითხოვს. ეს პროფესია პოლიციელია - სამსახური, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს სჭირდება.
სწორედ ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდნენ ახალგაზრდები შსს აკადემიაში. ძალოვანმა უწყებამ ახალი კამპანია „პროფესია პოლიციელი“ დაიწყო. მიზანი ახალგაზრდა თაობასა და სამართალდამცავ უწყებას შორის ნდობის განმტკიცებაა.
პრეზენტაცია ღია სივრცეში შედგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა და ინფრასტრუქტურა გამოიტანა. მოზარდები ადგილზე გაეცნენ ძალოვანი უწყების მუშაობის სპეციფიკას. მათი განსაკუთრებული ინტერესი სიმულაციურმა აქტივობებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სტენდმა გამოიწვია.
პრეზენტაცია ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძის თქმით, პროექტის მიზანი უმცროსი ასაკის წარმომადგენლებში პროფესიის პოპულარიზაციაა. ძალოვანი უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად პროექტს საჯარო სკოლებში განახორციელებს.
კამპანიის პრეზენტაცია ღია სივრციდან შსს აკადემიაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დისკუსიის ფორმატში საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის დეტალები გააცნო. კამპანია სტარტს ხვალიდან აიღებს და 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, ეწვიოს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს და პოლიციელებს ყოველდღიურ საქმიანობას ადგილზე გაეცნოს.