პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 4 პირი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 9 დაკავებულის და ძებნაში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატები, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესში, გირაოს სანაცვლოდ, მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ბრალდების პოზიცია არც წინასასამართლო სხდომაზე შეცვლილა. პროკურორებმა თქვეს, რომ ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სწორედ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეც.
ბრალდებას არცერთი ეთანხმება, თუმცა პროცესზე არც თავის მართლება უცდიათ. ბრალდებულის სკამიდან კოლეგებს კოლეგიალურობა დაუწუნეს და საკუთარ რიგებში მოღალატეებსაც ეძებენ.
მხარდამჭერთა რეალური რაოდენობის დასადგენად, დაკავებულებს ზუსტად 53 დღე დასჭირდათ. 4 ოქტომბერს ამტკიცებდნენ, რომ რევოლუციისთვის რუსთაველის გამზირზე ბევრი ადამიანი იდგა, რომლებსაც ხელისუფლების დამხობისკენ ღიად მოუწოდებდნენ.
არაერთი ღიად გაკეთებული მოწოდების მიუხედავად, დაკავებულების თანაპარტიელები ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა არ სურდათ.
მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს ხელისუფლების დამხობის მიზნით გაკეთებული მოწოდებები დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია გარე ძალების მითითებებს ამ დრომდე ასრულებს.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზეა აღძრული.