07 აგვისტო 2026,   23:19
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად ცნო

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრების დაუშვებლად გამოცხადება ქართული მართლმსაჯულების წარმომადგენლებისთვის სისტემის ობიექტურობის დადასტურებაა. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სტრასბურგმა საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელების განხილვაზე უარით, პასუხი გასცა ქართული ენჯეო-სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერი უცხოელი პარტნიორების დამოკიდებულებებს. 

"გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - ეს ის ორი სარჩელია, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიღებაზე უარი თქვა. ერთ-ერთი საჩივარი ბუტა რობაქიძის მკვლელობას ეხება. მომჩივანი ირაკლი ფირცხალავაა, ის ამტკიცებდა, რომ პროცესი არასამართლიანად წარიმართა, თუმცა სტრასბურგმა მიიჩნია, რომ მის საქმეში სამართლებრივი განხილვის უფლების დარღვევის ნიშანიც კი ვერ აღმოაჩინეს. ამ მიზეზით გამოცხადდა ფირცხალავას საჩივარი დაუშვებლად. გადაწყვეტილებას წინ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები უძღოდა. ამ მასალების დამუშავების შემდეგ ჩამოაყალიბა ევროპულმა სასამართლომაც საბოლოო პოზიცია. 

სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების სამართლებრივ განხილვაში ოპოზიცია არ შედის, თუმცა გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ქართული სასამართლოს რეფორმებზეა საუბარი, მაინც აკრიტიკებს.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართული მართლმსაჯულება ევროპული სტანდარტის შესაბამისად მოქმედებს და დამოუკიდებელია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული საჩივრების განხილვაზე უარმა საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ბრიუსელის კრიტიკას წერტილი დაუსვა.

სასამართლოს ობიექტურობაზე საუბრის დროს მმართველ ძალა "რუსთავი 2"-ის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებსაც იხსენებს. აცხადებენ, რომ სამივე საქმე სტრასბურგმა განიხილა და საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვა.

დღის ამბები