დაკავებულია ალეკო ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.
"რამდენჯერმე, რუსთაველის გადაწვის მცდელობა ჰქონდათ, პოლიციელებს პიროტექნიკა დაუშინეს, გვახსოვს ჩვენ. სამოქალაქო ომის განმეორების მცდელობა ჰქონდათ, როდესაც პარლამენტის სასახლეს ესროლეს პიროტექნიკა და ვხედავდით, რას დაამსგავსეს რუსთაველი. სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და რომ არ აღკვეთილიყო მათი ეს გამოხტომა, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც დიდი უბედურებაში გაეხვეოდა. ახლა არაფერი არ მიკვირს ელისაშვილის, - ამ რადიკალთა ერთ-ერთი ანასხლეტია და კონკრეტულ დანაშაულზე, სახელმწიფო ყველას მოსთხოვს, კანონის შესაბამისად, უმკაცრეს პასუხს," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
უწყების ცნობით, მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.