07 აგვისტო 2026,   22:38
ვრცლად
რას მოიცავს სასკოლო განათლების რეფორმა - პრობლემური მიმართულებები, რომლის საფუძველზეც სასკოლო რეფორმის კონცეფცია შემუშავდა

განათლების სისტემაში რვავე გამოწვევას ზოგადი განათლების რეფორმამ უნდა უპასუხოს. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების სისტემა - ეს იმ პრობლემური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლის საფუძველზეც სასკოლო რეფორმის კონცეფცია შემუშავდა.

დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, პროცესი უკვე მიზნობრივ ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან სამუშაო ფორმატში გადაინაცვლებს. განათლების სფეროს სპეციალისტები კონცეფციას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება რეფორმის წარმატების გარანტი იქნება.

8 ძირითადი გამოწვევიდან ერთ-ერთი სასკოლო ინფრასტრუქტურას ეხება. საჯარო სკოლების მშენებლობებზე, ისევე როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კვების ობიექტების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

ზოგადი განათლების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური დღევანდელ პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასკოლო განათლების სისტემა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა მთავრობას მათი აღმოფხვრის და სისტემის გაუმჯობესების გეგმა გაწერილი აქვს.

სასკოლო განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილია. დღეს არაერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კონცეფცია განათლების ეროვნულ მიზნებს პასუხობს და მასთან სრულ შესაბამისობაშია.

დღის ამბები