BBC-ის ინფორმაციაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოში დღეს 5 პირი გამოიკითხა. გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ მოწმეები, რომლებიც BBC-ის ფილმში მონაწილეობენ.
ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე - გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ "კამიტე" და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება - მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ.
"მტკიცების ტვირთი უნდა აიღოს იმან, ვინც ამას ამტკიცებს. ჩვენი კვლევა სხვა მიმართულებით იყო, ჩვენ სხვა რაღაც დავამტკიცეთ და ამაზე პასუხს ვაგებთ. შეიძლება ის, რაც მათ გამოიყენეს, ეწინააღმდეგება ჩვენს მიმართულებას და რომ დავინტერესდე, რას შევცვლი მე? - მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რა დასკვნაც დავდე და სხვამ როგორი ინტერპრეტაცია გააკეთა, მათ ჰკითხეთ, რატომ გამოიყენეს", - განაცხადა ექიმმა, კვლევის ავტორმა, გიორგი ღუნაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე შესვლის წინ, ასევე, ისაუბრა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა.
"კითხვარი შეავსეს. ამის შემდეგ რომ ვნახეთ შიგნით არის მართლა საყურადღებო ელემენტები, ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც სურვილი გექნებათ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვლევის მეთოდები, რომელშიც შედიოდა ელექტროკარდიოგრამა, კაპილაროსკოპია, კლინიკური ანამნეზი, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. დანარჩენი თქვენ კარგად წაიკითხეთ," - აღნიშნა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, იკა გიგაური.
"მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი თვითონ არ აცხადებენ, არ ამბობენ. თვითონ შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ", - აცხადებს ეკა გიგაური.
"რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ "კამიტი" იყო გამოყენებული? თუ გაქვთ ამისი მტკიცებულება?" - ჟურნალისტების ამ კითხვებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა არ უპასუხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.