05 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
"კამიტის" მოქმედების შედეგი და მედიკოსების დასკვნა - ჩახუნაშვილების კვლევა სამედიცინო სპეციალისტებმა პოლიტიზებულად და არასანდოდ შეაფასეს

პოლიტიკური ნაშრომის, სამედიცინოდ გასაღების მცდელობა ჩახუნაშვილების ოჯახისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმში ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოყენებული კვლევა, სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტების აკადემიური პერსონალის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. 10 სპეციალისტის მიერ დამოწმებული ოქმით დასტურდება, რომ ჩახუნაშვილების ნაშრომი სამეცნიერო მტკიცებულებად ვერ გამოდგება და ის მხოლოდ აღწერილობითია.

სტატიის შესავალი პოლიტიზებულია, რითაც კვლევაზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - ობიექტურობა ირღვევა.

ნეიტრალურობა რომ დარღვეულია, ეს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად კვლევის ავტორმაც დაადასტურა და თქვა, რომ მიკერძოებულია. კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თქვა ისიც, რომ ერთ-ერთმა ჟურნალმა მისი ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარი სწორედ პოლიტიკური ნაწილის გამო თქვა.

პედიატრებისა და კარდიოლოგების მიერ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა — სამედიცინო ნონსენსად შეაფასეს პროფესორებმა. სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ კვლევის ავტორების, არამედ მასში მონაწილე პირების ობიექტურობასაც.

შედეგი დადგებოდა ბრომბენზილციანიდის გამოყენების შემთხვევაში. ტოქსიკოლოგები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ გამოუვლენიათ. მძიმე მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც წყალში პრაქტიკულად არ იხსნება, იწვევს ცრემლდენას, სასუნთქი ორგანოების პარალიზებას, წყლულებს სხეულზე, სიბრმავეს, უკიდურეს შემთხვევაში კი გარდაცვალებას. მძიმე ზიანს აყენებს გარემოსაც. ექიმების თქმით, "კამიტის" ეფექტი წუთებში დგება, კვლევა კი აქციებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარდა, რაც ადასტურებს, რომ მძიმე ტოქსიკური ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა.

ჩახუნაშვილების კვლევა არასანდო, მიკერძოებული და პოლიტიზებულია ჯანდაცვის მინისტრისთვისაც.

BBC-იმ ე.წ საგამოძიებო ფილმი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე ტოქსიკური ნივთიერების -"კამიტის" - გამოყენებაში დაადანაშაულა. თუმცა იმას, რასაც ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ამტკიცებს, ქართველი ტოქსიკოლოგები და პროფესორები გამორიცხავენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები