ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, პროფილური სწავლა მე-11 კლასში, ერთნაირი სახელმძღვანელოები ყველა სკოლას და უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში - ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა ითვალისწინებს.
ცვლილება მე-12 კლასის შესახებ ძალაში 2027-2028 სასწავლო წელს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ახლა მე-9 კლასშია, თავად გადაწყვეტს, 11 კლასი დაამთავროს, თუ მე-12 კლასიც გაიაროს და დამატებით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა მოიპოვოს. განათლების მინისტრი "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ორივე ტიპის ატესტატს ქვეყნის შიგნით თანაბარი იურიდიული ძალა ექნება. ცვლილება შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსაც.
შეიცვლება მე-11 კლასის პროგრამაც, გახდება პროფილური და მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. რეფორმის მიხედვით, ოჯახებს აღარ მოუწევთ აბიტურიენტების კერძო რეპეტიტორთან მომზადება, ისინი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას სკოლაშიც შეძლებენ. რაც, თავის მხრივ, დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა დასწრებას გაზრდის. 55-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი "კურიერი P.S.-ს" უყვება, რომ ეს ცვლილება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.
აბიტურიენტის კერძოდ მომზადების აუცილებლობა თუ აღარ იარსებებს და მისაღები გამოცდებისთვის გაძლიერებულ მზადებას სკოლა უზრუნველყოფს, მშობლები ამას მხოლოდ მიესალმებიან.
მინისტრი განმარტავს, რომ რეპეტიტორიუმის კონცეფცია სწორედაც სკოლის, მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესებზეა მორგებული.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2 წელიწადში სრულად შეიცვლება სასკოლო სახელმძღვანელოები. არსებულ წიგნებს სამინისტროს მიერ შერჩეული სფეროს ექსპერტების შედგენილი და გამოცემული სახელმძღვანელოები ჩაანაცვლებს.
რა გამოწვევების წინაშე დგანან პედაგოგები, როდესაც სხვადასხვა გამომცემლობის სხვადასხვა სახელმძღვანელოებით უწევთ საგაკვეთილო პროცესის ჩატარება? მასწავლებლების აზრით, სამინისტროს მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფრო გაუმარტივებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.
ეროვნული ფასეულობები ლიბერალური ღირებულებების ნაცვლად - ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი სკოლისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის დაბრუნებას გულისხმობს. განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ განათლების არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს.
სასწავლო პროცესში შეზღუდვა დაწესდება მობილურ ტელეფონებზეც. საჯარო სკოლებში დაბრუნდება სასკოლო ფორმებიც, რომლებიც მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო იქნება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასკოლო ფორმებით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
განათლების რეფორმა ტარდება უმაღლეს სასწავლებლებსაც. იცვლება სტუდენტების დაფინანსების საგრანტო პოლიტიკა. 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის, მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები კი სახელმწიფო დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ.
ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, პირველი ცვლილებები 2026 წლიდან შევა ძალაში.
ავტორი: სანდრო სანაია