05 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
დაბნეულობა, ეჭვიანობა და ღალატი - სპექტაკლი "უშენოდ არ შემიძლია" საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება

სამი მსახიობი, სამი განსხვავებული პერსონაჟი და ერთი მარადიული კითხვა - როგორ უნდა დაიბრუნო დაკარგული გრძნობები? ამ კითხვაზე პასუხს მარჯანიშვილის სხვენში იპოვით. სპექტაკლი "უშენოდ არ შემიძლია" საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება.

ცოლი, ქმარი და საყვარელი - აბსურდული სიტუაცია, რომელიც ექსცენტრიკულ კომედიას ქმნის, სასიყვარულო სამკუთხედის გარშემო ვითარდება.

წარმოდგენა 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. დაბნეულობა, ეჭვიანობა და ღალატი ერთმანეთში ირევა. მარტივი, მაგრამ ინტენსიური მოქმედებით სცენაზე განვითარებული მოვლენები აბსურდული კომედიიდან გულწრფელ დრამაში გადაიზრდება.

რეჟისორის მთავარი მიზანია, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ოჯახური ბედნიერება სიყვარულზეა აგებული, მისი შენარჩუნება კი - მოთმინებასა და პატიებაზე. ციცინო კობიაშვილმა მიხეილ ზადორნოვის პიესა ქართული თეატრალური ტემპერამენტით გაამდიდრა. ტექსტის თარგმანსა და ადაპტირებულ ვერსიაზე მაია ჯაფარიძემ იმუშავა.

მოქმედება ისტორიულ სახლში ვითარდება, სივრცე დადგმას ინტერაქციულს ხდის. განათება, კოსტიუმები და სცენოგრაფია თითოეული გმირის სოციალურ სტატუსს, ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს უსვამს ხაზს. მხატვარმა დადგმის თითოეული დეტალი ძველი და ახალი ვერსიის მიხედვით შექმნა.

მარჯანიშვილის სხვენში სპექტაკლის პრემიერა 9 დეკემბერს გაიმართება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები