"ადვოკატთა ასოციაცია" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი არა ადვოკატების დაყოფა, დაქუცმაცება და დაპირისპირება, არამედ ადვოკატურის გაერთიანებაა.
როგორც ყანდაშვილმა განმარტა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დიდი კორპორაცია ერთიანი იყოს.
"დღეს ჩვენი პროფესია დასაცავია, პროფესია რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს დიდი კორპორაცია იყოს ერთიანი, არ ხდებოდეს წევრებს შორის დაპირისპირება, რამაც თანმდევად შეიძლება გამოიწვიოს პროფესიის გახლეჩა. მე ვიქნები ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე, თითოეული წევრის გვერდით და როგორც წევრების, ასევე პროფესიის ინტერესების სადარაჯოზე. ნამდვილად არ მოვახდენ წევრების დიფერენცირებას - ჩემს ან სხვათა ამომრჩევლად, არამედ ვიქნები თითოეული წევრის გვერდით, თითოეული ადვოკატის მხარდამხარ. ადვოკატის პროფესია არის ღირსეული და თავმოყვარე ადამიანების პროფესია, არ დავუშვებთ ადვოკატების შეურაცხყოფას საცხოვრებელი ადგილის, პოლიტიკური შეხედულების თუ ასაკის მიხედვით. ჩვენ პროფესიას დავიცავთ ნებისმიერი, მათ შორის, სახელისუფლებო ინსტიტუტების ან ნებისმიერი ძალის უხეში ჩარევისგან. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ადვოკატთა პროფესია და ადვოკატურა გახდება ისეთი ძლიერი, რომ ვერანაირი ძალა, მათ შორის, სახელმწიფო, ნებისმიერი დაინტერესებული, კონკრეტული ინტერესის მატარებელი ძალა ვერ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. ჩემი მიზანია არა ადვოკატების დაყოფა, დაქუცმაცება და დაპირისპირება, არამედ ადვოკატურის გაერთიანება", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარის არცევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება.