05 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
ნათელა გრიგალაშვილი - ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ადამიანების ყოველდღიურ ყოფას ქვეყნის ისტორიის ნაწილად აქცევს

მის ფოტოაპარატში ათასობით ამბავი ცხოვრობს. ამბავი დუხობორ ქალზე ნაკეცებიანი ჭრელი კაბით; ბიჭზე, რომელიც ძროხებს მწყემსავს; ნისლში გახვეულ სოფელზე, თივაზე გადმომდგარ ქალებზე.

ამ არაერთი გაჩერებული წამის მემატიანე ნათელა გრიგალაშვილია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ფოტოარქივს, უფრო სწორად ქვეყნის ფოტომეხსიერებას ქმნის.

მთავარია ადგილი შეარჩიოს, თორემ ხელს არც ველური ბუნება, არც წვიმა და არც ქარი უშლის. სოფლის ყველა კუთხეს ფეხით მოივლის და როცა საინტერესო ადგილს დაინახავს, მერე შემოქმედებითი პროცესიც იწყება. შესაძლოა, ხანგრძლივიც, იმის მიხედვით, ადგილი რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია.

ერთხელაც, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოობიექტივი "კურიერი პ.ს.-ის" ობიექტივში მოხვდა. ექსპერიმენტი სამცხე-ჯავახეთში დავიწყეთ, ტაბაწყურის ნახევარკუნძულზე წავედით. თოვდა და ეს სითეთრე იქაურობას კიდევ უფრო საინტერესოსა და მისტიკურს ხდიდა.

დროდადრო იღებდა ავტომობილის ფანჯრიდანაც. როცა სოფელში შევედით, ადგილობრივებთან საუბარი დაიწყო. ეკითხებოდა როგორ ცხოვრობდნენ და რას საქმიანობდნენ. ასე, ამ მარტივი კომუნიკაციით თითქოს მათიანი ხდებოდა, მათი ყოფის ნაწილი, ფოტოს გადაღებისას კი შეუმჩნეველი. ასე იქმნება ფოტოსურათი, რომელი საოცრად ნამდვილია, ადამიანების სოციალური გარემოს გადმომცემი. თითქოს იმ ადგილის სუნსაც კი გრძნობ, სიცივეს, სითბოს, შენც ამ ფერებსა და ნისლში იკარგები.

გზად მეთევზეები შემოგხვდნენ, ეს აქ ამ ულამაზეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. ადგილობრივები თავსაც ამით ირჩენენ და ოჯახსაც. სოფელში რომ შევედით, გზად ექიმი სუსანაც შეგვხვდა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილის ფოტოაპარატმა მაშინვე აღბეჭდა. ყავის დასალევადაც შეგვიპატიჟა და არც ისტორიები დაიშურა.

სტუმრად მისულ ფოტოგრაფს საოჯახო ფოტოალბომიც დაათვალიერებინა.

ნათელა გრიგალაშვილი სანამ ფოტოების გადაღებას დაიწყებს, თავდაპირველად იმ ოჯახებში შედის, ვის გადაღებასაც აპირებს. ეცნობა მათ ადათ-წესებს, ხასიათებს. ესაუბრება. მათ ცხოვრებას უსმენს. სუსანა ექიმიც მის ობიექტივში ისეთივე ნამდვილია როგორც ცხოვრებაში, თავისი ტკივილებითა და ბედნიერებით.

მეთევზე კაციც, ტბასთან ახლოს რომ ცხოვრობს და რომელსაც ასე შემთხვევით გადავეყარეთ. ასე ამ სოფელში მცხოვრები ამ ერთი კაცის ფოტოკადრიც ისტორიას დარჩა.

თვითნასწავლი ფოტოგრაფია. კამერაც სულ პირველად მეგობრებმა აჩუქეს. მაშინ 15 მანეთი ღირდა. ფოტოებს ფირზე იღებდა და შემდეგ ამუშავებდა. 21-ე საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა ფოტოგრაფიაში, მაგრამ უცვლელია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები, მათი სიღრმე, სათქმელი და ხელწერა.

განსაკუთრებულად უყვარს თავის სოფელში ჩასვლა და იქ გადაღება. ხშირად ნაცრისფერი კადრებია, ემოციაც ნაცრისფერი, ისტორია ცრემლის მომგვრელიც, ფოტოებიდან ყველაფრის ამოკითხვა შესაძლებელია. უფრო მეტად იქ უყვარს შესვლა, სადაც ადვილად არ მიიღებენ, იცის როგორ დაითანხმოს გადაღებაზე ადამიანი. ამბობს, რომ ფოტო ყველაზე კარგად ინახავს ისტორიას, თავადაც ხომ ამ ისტორიის მცველია.

21-ე საუკუნეში, მაშინ, როცა ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება, როგორ უნდა გადავიღოთ ისე, რომ ყველასთვის დასამახსოვრებელი გახდეს, ნათელა გრიგალაშვილმა მასტერკლასი "კურიერი პ.ს.-აც" ჩაუტარა. ისიც გვითხრა, რომ ამ დროს განათება ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ უმთავრესი მაინც ემოციაა, რომელსაც უბრალო ადამიანებში ხედავს.

ყველა ფოტო ერთნაირად უყვარს, გამორჩევაც კი გაუჭირდა, ვერც ის გვითხრა როგორ უნდა ჩვენს მეხსიერებაში დარჩეს.

30 წელზე მეტია ფოტოგრაფიაშია და რომ არა ფოტოგრაფია, ალბათ კინოში იქნებოდა. ოპერატორობა უნდოდა. თუმცა მერე მიხვდა, რომ ფოტოგრაფია არანაკლები დოკუმენტალისტიკაა.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები თბილისში, სატრანსპორტო ხმაურშიც გამოჩნდა.

შეუძლებელია, ამ ბილბორდებმა თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. პროექტი - თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ არის ორგანიზებული.

გვითხრა, რომ კინემატოგრაფიაში რომც ყოფილიყო, მაინც საქართველოს ულამაზესი კუთხეების სურათებს შექმნიდა და იმ ერთ პატარა ქვეყანაზე მოგვიყვებოდა, რომელიც ძალიან უყვარს და ფოტოაპარატით უკვდავს ხდის. ინახავს წამებს, რომელიც უნდა, რომ მომავალ თაობას და ერის მეხსიერებას შემორჩეს.

დღის ამბები