15 ივნისი 2026,   00:26
ვრცლად
მძევლად აყვანილი ბებია თავისუფალია, შვილიშვილი დაკავებული - 76 წლის ქალი "კურიერთან" იმ 3 საათს იხსენებს, როცა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს

შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია "კურიერთან" იმ 3 საათს იხსენებს, რა დროსაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ნელი კაღაშვილი ჰყვება, რომ შვილიშვილმა ის ღუმელთან დასვა, ყელზე დანა მიადო და უთხრა, რომ არ განძრეულიყო. შეშინებული ქალი შვილიშვილის მოთხოვნებს დაემორჩილა.

3 საათის განმავლობაში, ბებიამ არ იცოდა, რატომ უკრძალავდა შვილიშვილი გადაადგილებას და რატომ ემუქრებოდა დანით. მძევლად აყვანის მიზეზი 76 წლის ქალმა სამართალდამცველების მისვლამდე რამდენადმე წუთით ადრე გაიგო. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილს ერთადერთი ულტიმატუმი ჰქონდა - ითხოვდა მისი ყოფილი მეუღლის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიას მოკლავდა.

76 წლის ქალის უკანონოდ აღკვეთილი თავისუფლება მაშინ დასრულდა, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ 32 წლის მამაკაცი გაანეიტრალა და დააკავა.

დანაშაული სიღნაღის რაიონის, სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ოჯახის ინფორმაციით, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

გიორგი კაღაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს.

დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები