05 აგვისტო 2026,   21:24
ვრცლად
ფარცხალაძეს, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც მიიჩნევს რომ ყოფილი გენერალური პროკურორი უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები დევს, რომლითაც არ დასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო ბრალდება კი იმ უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელიც 35 ტომში დევს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს, ყოფილი მთავარი პროკურორი ხელმძღვანელობდა და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება მან მისთვის სანდო პირებს დავით და გიორგი მიქაძეებს დაავალა. ძმები, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდნენ ჯოხაძემ კი შემსრულებლად მისი დაცვის წევრი გელა უძილაური აირჩია. რომელსაც უვადო პატიმრობა უკვე მიესაჯა. მძიმე დანაშაულის ოფიციალურ მოტივად ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალეულობაში დარწმუნებულია ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის დანაშაულებზე ისინი წარსულშიც საუბრობდნენ.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია - "ქართული ოცნების" თქმით, ეს ქართული მართლმსაჯულების მთავარი პრინციპია. სწორედ ამიტომ სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი - ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს პასუხსაც შესაბამისად აგებს.

ყოფილ მთავარ პროკურორს , მთავარი საგამოძიებო უწყება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები