ქართველი ფიგურული მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული - შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე გავიდნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, დაიმსახურეს 129 ქულა, ორი დისციპლინის ჯამში კი 215 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს.
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოციგურავის - ნიკა ეგაძისთვისაც, რომელმაც ვაჟთა შორის ერთეულებში იასპარეზა. მან მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებისგან 91 ქულა მიიღო. ამ მაჩვენებლით ქართველი სპორტსმენი საუკეთესო აღმოჩნდა.
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას 17 იანვარს წარმოადგენს.
წარმატებული ასპარეზობა მიულოცა სპორტსმენებს საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ და მათ წარმატება უსურვა.
ბრწყინვალე შესრულება, ევროპის ჩემპიონის ტიტული და ისტორიული გამარჯვება - 15 იანვარი ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.