ნეონაცისტური დაჯგუფების 23 ტომიანი სისხლის სამართლის საქმე უკვე სასამართლოშია. 16 განსასჯელიდან 10 არასრულწლოვანია, რის გამოც პროცესი მედიისთვის სრულად დაიხურა. წამება, ძარცვა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - ეს ის ბრალდებებია, რასაც დაკავებულებს პროკურატურა ედავება. ცნობილია, რომ ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს უარყოფს, ნაწილი კი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს 10-ზე მეტი დაზარალებული, მათ შორის ოთხი, სკოლის მოსწავლეა. სავარაუდოდ, დაზარალებულთა წრე კიდევ გაიზრდება.
“ბერგმანის“ სახელწოდების ქვეშ მოქმედი დაჯგუფება ამ მეთოდებით უსწორდებოდა ყველას, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. თბილისში, იმერეთსა და აჭარაში თავდასხმის სამიზნე არაერთი პირი გახდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ნეონაცისტების მთავარი ხელწერაა. ისინი მსხვერპლს, ძირითადად თბილისში მიტოვებულ შენობაში იტყუებდნენ და ხელკეტებით, კასტეტებით, ჯაჭვებით და დანებით სასტიკად უსწორდებოდნენ. დაკავებული 16 ბრალდებულიდან 3 მოზარდი გოგონაა.
ნეონაცისტური ქსელის ლიდერი ლევან აბესაძე სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ ივლისში, 15 წლის ბიჭზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს. მასთან ერთად ხელბორკილები დაადეს კიდევ 8 პირს, რომელთაგან შვიდი არასრულწლოვანია. სწორედ ამ საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით გავიდა გამოძიება ნეონაცისტური ქსელის სხვა ფიგურანტების კვალზე.
ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ბრალი სამი მუხლით წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ციხეში 12 წლის გატარება მოუწევთ.