03 აგვისტო 2026,   15:42
ვრცლად
ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით, ახალი, რეგიონული განათლების ცენტრის შექმნა იგეგმება - რეფორმის მიზანი საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლის გაზრდაა

გიული ალასანიას უნივერსიტეტის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს განათლების რეფორმის გასაპროტესტებლად მივიდა. ლუკა თეთრაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "კურიერის" კითხვებს - აუცილებელია თუ არა განათლების სისტემაში რეფორმა - კონკრეტული პასუხი ვერავინ გასცა.

სტუდენტების ნაწილის დღევანდელი შეკრება, პირველი კორპუსის ეზოში, ხანმოკლე გამოდგა. სულ მალე, რექტორთან შეხვედრა დაიწყო და აქციის მონაწილეებმაც ჯაბა სამუშიას კაბინეტში გადაინაცვლეს.

პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს განათლების სამინისტროში შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას მოიცავს განათლების სისტემური რეფორმა და რატომ არის აუცილებელი სასწავლო დაწესებულებების შერწყმა.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია. ირკვევა, რომ, ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით, ახალი, რეგიონული განათლების ცენტრი შეიქმნება, რეფორმების შემდეგ კი საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგებში უნდა გაიზარდოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა საკითხის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის. მითუმეტეს, რომ განათლების სექტორში არსებულ პრობლემებს ყველა ხედავს და რეფორმის გატარებას მხარს საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს.

განათლების რეფორმა, ოპოზიციის მხარდამჭერების მსგავსად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც არ მოსწონთ. ისინი, ვინც უკვე პარლამენტში არიან, საკითხზე დებატებისა და კონსულტაციების ნაცვლად, პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ, მათ კი, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხებზე არგუმენტირებულ კამათს ქუჩაში დგომა ამჯობინეს, მიაჩნიათ, რომ რეფორმის შესაჩერებლად არგუმენტები სულაც არ არის საჭირო.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილის პროტესტი პოლიტიზებულია და ერთ მიზანს - ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დოკუმენტი სრულად გამართულია და მეტიც, მასში კონკრეტული, ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებია წარმოდგენილი.

განათლების სისტემური რეფორმა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა, სხვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დეპუტატები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ბიურო და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კანონმდებლები ცვლილებათა პაკეტს, დაჩქარებული წესით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

დღის ამბები