05 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
ეტაპობრივი შეზღუდვები პლასტიკის გამოყენებაზე - გარემოზე ზიანის შესამცირებლად, ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა

პლასტმასის პროდუქციის აკრძალვის მორიგი ეტაპი და გადაწყვეტილება, რომელმაც გარემოზე ზიანი უნდა შეამციროს.  სპეციალისტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ პლასტმასის გამოყენება ზიანს აყენებს ქვეყნის ფლორას და ფაუნას. რეგიონებში ნარჩენებით და მიკრო ნაწილაკებით დაბინძურებულია მდინარეები, ტყეები, ნიადაგი და ჰაერიც კი.

გარემოზე ზიანის შესამცირებლად ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი თეფშების, ჭიქების, საწრუპებისა და ჩანგლების იმპორტი. რეგულაციას წინ უძღვოდა პოლიეთილენის პაკეტების ბიო დეგრადირებადი მასალით ჩანაცვლება. ნაწარმი სარეალიზაციო ქსელებიდან ეტაპობრივად, არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ გაქრება. პროცესს დადებითად აფასებს ჯანდაცვის სექტორიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, საკვებთან შემხებლობაში მყოფი ეს მასალა ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხეა წარმოადგენს და არაერთი დაავადების რისკს ზრდის.

მომდევნო შეზღუდვა პირველი ივლისიდან ამოქმედდება. კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის პლასტმასის ნაკეთობით სურსათისა და ნაწარმის მიწოდება აეკრძალებათ. რეგულაცია კიდევ უფრო გამკაცრდება მომდევნო წელს. პირველი თებერვლიდან კომპანიებს პლასტმასის ნაკეთობაში ან შეფუთვაში განთავსებული პროდუქტის წარმოება შეეზღუდებათ. ახალი ნორმა არ შეეხება მზესუმზირის ზეთს და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელ წყალს.

გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად 600 მილიონზე მეტი ერთეულ ერთჯერად პლასტმასის პროდუქტს მოიხმარენ, რაც დაახლოებით 6 ტონამდე ნარჩენს წარმოქმნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ახალი რეგულაციების შედეგად, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე უნდა დავიდეს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები